პოლიტიკა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. დამოუკიდებლობის გზა – ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას.

შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის პრეზიდენტის რანგში, საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.

დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო. დიდ მადლობას მოგახსენებთ გერმანიის დელეგაციის სახელით, რომელმაც მიგვიღო, ძალიან გულითადი დახვედრა მოგვიწყო თბილისში. საქართველოში ეს მართლაც პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ვიზიტია, თუმცა მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთხელ ვსტუმრობდი საქართველოს, მაგრამ უკანასკნელი ვიზიტი გერმანიის პრეზიდენტისა, თუ სწორად ჩავხედე ისტორიას, 22 წლის წინ შედგა საქართველოში“, – განაცხადა მან.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოსა და გერმანიის ინტენსიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული თანამშრომლობა, რომელიც თქვენ ახსენეთ. მე ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი გერმანიის პრეზიდენტის რანგში საქართველოში.

დამოუკიდებლობის გზა – ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არა მხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, მართლაც სამაგალითოა. გამოცდილების და ცოდნის გაზიარების ძალიან ინტენსიური გაცვლა გვაქვს. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თბილისსა თუ ბერლინში, საქართველოსა თუ გერმანიის სხვა ქალაქებში“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.