სამართალი
საგადასახადო ომბუდსმენი პრობლემებს ვერ ხედავს

giorgi-pertaia„საქართველოში ბიზნესგარემოს პრობლემის საკითხი გაზვიადებულია იმ გადაჭარბებული ყურადღების გამო, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ზოგიერთ გახმაურებულ საქმეს ექცევა“, – აცხადებს საგადასახადო ომბუდსმენი გიორგი პერტაია.

გიორგი პერტაია საგადასახადო ომბუდსმენის პოსტზე (თანამდებობას პრესაში, როგორც წესი, „ბიზნესომბუდსმენის“ სახელით მოიხსენიებენ) პრემიერ-მინისტრმა იანვარში დანიშნა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციების შემდეგ. საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას იანვრიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს და მისი მიზანია გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვა.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე გიორგი პერტაია 2010 წლის მაისიდან პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო კერძო სექტორის ხელშეწყობის საკითხებში.

20 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგადაცემა „აქცენტებში“ საუბრისას პერტაიამ განაცხადა, რომ შარშან, პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მისი დანიშვნიდან ცოტა ხანში, ჩატარდა კვლევა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს სრული სურათის ნახვის მიზნით, რათა დასკვნები მხოლოდ ცალკეული გახმაურებული დავების საფუძველზე არ გაკეთებულიყო.

„იქ იყო ორი ძალიან საინტერესო კითხვა: ერთი – „თუ ყოფილა ფინანსური პოლიცია თქვენთან შემოსული და თუ დაურღვევია თქვენი უფლებები“, და მეორე კითხვა – „თუ გაგიგიათ ამის შესახებ“, – განაცხადა პერტაიამ.

მისი თქმით, პირველ კითხვას რესპონდენტთა დაახლოებით 1 პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი, ხოლო მეორე კითხვას – 70 პროცენტმა.

„ეს აჩვენებს ყველაფერს. ანუ პრობლემა იმდენი არ არის, რამდენიც არის ამ პრობლემის აღქმა. პრობლემა ძალიან პატარაა; არის გახმაურებული საკითხები, ასე ვთქვათ, [მაგრამ] მასიურად ბიზნესგარემოზე თუ ვსაუბრობთ, ეს პრობლემები არ არის ამხელა“, – განაცხადა პერტაიამ.

თუმცა, მისივე თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ასეთი წარმოდგენა არსებობს, თავისთავად პრობლემაა, „იმიტომ, რომ ბიზნესგარემოს აფუჭებს ეს“.

„ამიტომ, როცა ვლაპარაკობ ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობაზე, ყოველთვის ვაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ მთავრობა რაც შეიძლება აქტიურად უნდა ელაპარაკოს ბიზნესს; კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მან.

პერტაიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჰკითხეს, იცოდა თუ არა მან ბიზნესმენთა უფლებების დარღვევის იმ კონკრეტული შემთხვევების შესახებ, რომლებზეც მანამდე იმავე გადაცემაში საგამოძიებო ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ისაუბრა. ზურიაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად მოიყვანა კონკრეტული ფაქტი, როცა ერთ-ერთ ბიზნესმენს გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროზე კუთვნილი ქონება უკანონოდ ჩამოართვეს.

ოპონენტებს ეეჭვებათ სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების რეალობაც, რადგან იბადება კითხვა: „ადამიანთა რა წრე იქნა გამოკითხული“, თუმცა გარემოს შეფასება უნდა ხდებოდეს არა იმდენად გამოკითხვებით, რამდენადაც ბიზნესის განვითარების დონითა და ტემპებით. აქ კი, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, საქმე ვერ არის სასურველ მდგომარეობაში. თვით „ბიზნესომბუდსმენის“ მოღვაწეობაც ამავე პარამეტრებით უნდა ფასდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსის თანახმად, ბიზნესომბუდსმენი განიხილავს გადასახადის გადამხდელთა მიერ წარდგენილ განცხადებებსა და საჩივრებს. გადასახადის გადამხდელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო ომბუდსმენი მიმართავს შესაბამის ორგანოს და აძლევს რეკომენდაციას ამ უფლებების აღდგენის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. საგადასახადო ომბუდსმენი ვერ მოახდენს რეაგირებას იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე განიხილა სასამართლომ. საგადასახადო ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წელიწადში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.