ამერიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან – პირდაპირ ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციასთან, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა.
აქციის მთავარი ლოზუნგები იყო: „გადადგეს დიქტატორი სააკაშვილი!“ „სააკაშვილი მკვლელია!“
ლეიბორისტთა განცხადებით, საქართველოს ისტორიაში ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციის კედლებთან საქართველოს სატკივარზე სამთელქვეყნოდ ხმამაღლა ითქვა სათქმელი.„ეს ახალი დიდი ბრძოლის დასაწყისია, თანაც, იქიდან, სადაც დანიშნეს და დღემდე მხარს უჭერენ დიქტატორ სააკაშვილს“, – აცხადებენ ნათელაშვილის პარტიაში.
„ლეიბორისტებმა“ აქციის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელეს, სადაც ჩანს, როგორ სკანდირებს თავად ნათელაშვილი ინგლისურ ენაზე „Dictator Saakashvili must go!“
აღსანიშნავია, რომ ქართველი საზოგადოება არაერთხელ გამხდარა ნათელაშვილის მსგავსი ორიგინალობის მომსწრე, მათ შორის, მიმდინარე წლის 10 მარტის აქციაზე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის სახლთან, სადაც გატყავებული ცხვრით მივიდა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა მისცა: „სააკაშვილმა და ჩოჩელმა ასე გაატყავეს და გამოხრეს საქართველო. მალე ჩამოვკიდებთ მათ ჩონჩხებს რუსთაველის გამზირზე, ჭადრის ხეებზე. ამ დანაპირებს ჩვენ მათ აუცილებლად შევუსრულებთ“.
თბილისური და რეგიონული აქციებით დაღლილმა ოპოზიციონერმა ლიდერმა სააკაშვილის გადადგომა ამჯერად პირდაპირ ობამას ადმინისტრაციას მოსთხოვა. ნათელაშვილი ჩვეული ღიმილით აფრიალებდა სააკაშვილის საწინააღმდეგო ბანერებს თეთრი სახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
P.S. კიდევ რა სიურპრიზს მოგვიმზადებს პრეზიდენტობისთვის მებრძოლი შალვა ნათელაშვილი, სავარაუდოდ, მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.