საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. მოსკოვში საქართველოსთან ფრენების აღგდენის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ფრენების აღსადგენად შესაბამისი სიტუაცია უნდა შეიქმნას.
„პირველი მცდელობა ურთიერთობის, როგორც მოგეხსენებათ, უკვე იყო ნიუ იორკში. ეს პოზიტიური ფაქტია, თუმცა ეს შეხვედრა საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მწვავედ იქნა აღქმული. ახლა უნდა დაველოდოთ მოთმინებით მომენტს, როდესაც ავიამიმოსვლის აღსადგენად შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება“, - აღნიშნა პესკოვმა.
4 ოქტომბერს ცნობილიო გახდა, რომ ფრენების აკრძალვის გამო რუსული ავიაკომპანიების ზარალმა მილიარდ რუბლს გადააჭარბა.
მთავრობის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დავით ზალკალიანის და სეგრეი ლავროვის შეხვედრაზე ნიუ-იორკში. ამ საკითხს მოგვიანებით რუსულ პრესაში თავად ლავროვიც გამოეხმაურა.
მიმდინარე წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.
წყარო: პირველი არხი