აქტუალური
მთავარია, წევრ სახელმწიფოებს შორის არის მკაფიო შეთანხმება არსებითი პაკეტის განახლებაზე, ასე რომ, საქართველოს ახალი ენერგიით ვტოვებ - ჯეიმს აპატურაი

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავარია, წევრ სახელმწიფოებს შორის არის მკაფიო შეთანხმება არსებითი პაკეტის განახლებაზე, ასე რომ, საქართველოს ახალი ენერგიით ვტოვებ, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

არსებითი პაკეტის განახლებას სამი ნაწილი აქვს – პირველი არის, წარმატებით დავასრულოთ, რაც ხუთი წლის წინ დავიწყეთ. მეორე, ესაა განახლება იმის, რასაც უკვე ვაკეთებთ და სჭირდება გაგრძელება. მესამე კი ახალი ელემენტებია. მე საქართველოს ახალი ელემენტების თაობაზე უამრავი იდეით ვტოვებ. მაგრამ ეს იდეები ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ საქართველოსთან, ჩვენ სამხედროებთან, სხვა ქვეყნებთან და შემდეგ ვნახავთ უფრო კონკრეტულად, რისი გაკეთება შეგვიძლია. რაც მთავარია, წევრ სახელმწიფოებს შორის არის მკაფიო შეთანხმება არსებითი პაკეტის განახლებასა და გაძლიერებაზე. ასე რომ, საქართველოს ახალი ენერგიით ვტოვებ“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ამასთან, აპატურაის თქმით, ლონდონში, ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე საქართველო სახალხო დიპლომატიის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

ლიდერთა ეს შეხვედრა იქნება მოკლე და ფოკუსირებული ნატო-ს ტრანსფორმაციაზე. როგორც ვიცი, ამ შეხვედრაზე პარტნიორები არ არიან მიწვეულნი, მაგრამ იქვე გვექნება სახალხო დიპლომატიის ღონისძიება, სადაც საქართველო იქნება წარმოდგენილი. რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, არ ვიცი, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, არ მგონია, ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იყოს. ეს შეხვედრა უფრო ნატო-ს საშინაო საქმეებზეა ფოკუსირებული.

ჩვენ ერთად სამუშაო გვაქვს, რუსეთი ღიად აკეთებს იმას, რასაც შეუძლია, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. მაგრამ ჩვენ საკუთარ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით. ეს დავამტკიცეთ მონტენეგროს შემთხვევაში, დავამტკიცეთ ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითზე. რუსეთს არ სურდა ამ ქვეყნების გაწევრიანება, მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და ასე მოვიქცევით მომავალშიც. ის, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და დავარწმუნოთ, როდესაც გაწევრიანების მომენტი დადგება, საქართველო მზად იქნება ამისთვის“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.