საზოგადოება
გარდაიცვალა გია ყანჩელი

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გია ყანჩელი. მას აგვისტოში 84 წელი შეუსრულდა.

კომპოზიტორის ჯანმრთელობა ბოლო დროს შერყეული იყო, ის რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში მოთავსებული.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.