საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ფოთის პორტი არ შეიძლება იყოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა არც მასშტაბისა და არც დატვირთვის თვალსაზრისით, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს უძველეს ფოთის პორტში სამშაბათს ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.
ახალი ტერმინალის წყალობით პორტი წელიწადში 2,5 მილიონ ტონაზე მეტ ტვირთს მიიღებს. პროექტის მიხედვით, ტერმინალი 25 ჰექტარ ფართობზე განთავსდება, ხოლო პორტის დაღრმავება 13 მეტრამდე 60 ათას ტონამდე ტევადობის გემების მიღების შესაძლებლობას შექმნის.
პროექტის საერთო ღირებულება 120 მილიონი დოლარია, საიდანაც 50 მილიონს კერძო უცხოური ინვესტიციების ამერიკული კორპორაცია OPIC დააფინანსებს.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ანაკლიის პორტის ალტერნატივა. როგორც ვხედავთ, ეს არის მხოლოდ ერთი სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა არც მასშტაბებით, არც ტვირთებით, არც ზოგადად განვითარების მასშტაბითაც ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ალტერნატივა", – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ტრანზიტული გზების განვითარება საქართველოს გავლით ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ძირითადი ინფრასტრუქტურა „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი-დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
პროექტი „ანაკლია"
პორტის მშენებლობით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმია" დაკავებული. ის ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკულმა კომპანია Conti group-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" გასვლის შესახებ განაცხადა, ამის გამო პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
კონსორციუმმა სექტემბერში სამინისტროს ორი მსხვილი პოტენციური ინვესტორი წარუდგინა, რომლებსაც ამერიკულ SSA Marine-თან და ქართულ TBC Holding-თან ერთად კონსორციუმის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ამჟამად მიმდინარეობს ფსკერის გაღრმავების სამუშაოები.
პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.
პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.
პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.