უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსანდრ დანილიუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დანილიუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 27 სექტემბერს დაწერა. უკრაინული მედია წერს, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან ანდრეი ბოგდანთან მისი უთანხმოება გახდა.

ოლექსანდრ დანილიუკი 2016-2018 წლებში ვლადიმირ გროისმანის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ის ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის ერთ-ერთი იდეოლოგად მიიჩნევა.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს დანილიუკი ზელენსკის მრჩეველი იყო. 2019 წლის მაისში უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ყოფილი ფინანსთა მინისტრი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა.

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე დანილიუკის გათავისუფლების შესახებ განკარგულების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ოლექსანდრ დანილიუკის დეკლარაციაში არაზუსტი ინფორმაცია აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, დეკლარაციაში არმითითებული ქონების ღირებულება სამ მილიონ გრივნას (125 ათასი დოლარი) აღემატება.

1tv.ge