საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი „ტვიტერში“ წერს.

ამასთან, ორტაგუსი აღნიშნავს, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს არალეგალური ოკუპაცია.

ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას.

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს არალეგალური ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ“, – აღნიშნულია მორგან ორტაგუსის განცხადებაში.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.