რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ჯვართამაღლების დღესასწაულზე

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი.

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს დღესასწაულიც არის და მწუხარების დღეც. მე შევთხოვ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ჯვარი უფლისა ეს არის ძალა ღვთისა. ყოველი ადამიანი, ყოველი ერი არის მტვირთველი ჯვრისა.

გისურვებთ, რომ ჩვენ ყველამ ჯვარი ბოლომდე მივიტანოთ და ჯვარი იყოს მფარველი ჩვენი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯვრის ტვირთვა გოლგოთაზე არ მთავრდება. ვინც იტვირთავს ჯვარსა, გოლგოთის შემდეგ მას მოელის აღდგომა და ამაღლება. ღმერთმა მოგცეთ ძალა.

დღეს არის აფხაზი გმირების დღესასწაული. იმათი ლოცვა შეეწევა საქართველოს. იმათი ლოცვა გახსნის გზას, იმათი ლოცვა აღამაღლებს ყოველ დაცემულ ადამიანს. იმათი ლოცვა ქმნის სასწაულს და ღვთის მადლით ჩვენ შევხვდებით აფხაზეთში. ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ბრძანდება ჩვენთან წირვაზე და იქნება ბატონმა რუსლანმა თქვას ერთი-ორი სიტყვა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი რუსლან აბაშიძე:

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მე პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პატრიარქს იმისათვის, რომ დღეს, ჯვართამაღლების დღეს, ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამას; ასევე ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე ჩვენთვის როდესაც ჩვენ მოვიხსენიებთ ჩვენი გმირების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება და ვუსურვო ჩვენს დევნილ საზოგადოებას, აფხაზეთის საზოგადოებას, – გამძლეობა, ჯანმრთელობა და რწმენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი:

ღვთის მადლით, მისი წყალობით მალე შევხვდეთ აფხაზეთში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლებას. ჯვრის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

ჩვენთან არს ღმერთი!

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მონოზონი ნატალია (ჭედია) აღყვანილ იქნა იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

აღსანიშნავია, რომ წირვის მანძილზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში 25 მხატვრის მიერ შეიქმნა დიდი ტილო,- ბედიის ტაძარი და მისკენ მიმავალი მრევლი. ნახატს ჰქვია ,,გზა ტაძრისკენ, გზა ამაღლებისკენ”. მხატვრებმა იგი წარუდგინეს მის უწმინდესობას და ეკლესიაში მყოფთ, ხოლო აფხაზეთის კაპელამ შეასრულა საგალობელი.

წირვის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარმა აფხაზეთში, ომში, გარდაცვლილთა სულთა საოხად პანაშვიდი გადაიხადა და დალოცა მათი სულები.