აქტუალური
გაერო-ს გენმდივანი ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრას მიესალმება და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიესალმება ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, შვეიცარიის შუამავლობით გამართულ შეხვედრას საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.

გენერალური მდივანი აფასებს შვეიცარიის როლს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ კონსულტაციები შედგა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. „გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.