პოლიტიკა
ლავროვი: თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ომს არ დავიწყებთ, ურთიერთობები გაგვიფუჭდება

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "კომერსანტისათვის" მიცემულ ინტერვიუში 2008 წლის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალში მხოლოდ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა "სააკაშვილის მიერ რუსეთის მთავრობისათვის მიცემული პირობის დარღვევის და მშვიდობიან მოსახლეობაზე ცეცხლის გახსნის" საპასუხოდ და მაშინ იმაზე არ ფიქრობდნენ, რომ ამგვარად საქართველოს ნატოში შესვლა დაებლოკათ.

თუმცა, ლავროვი აღნიშნავს, რომ ნატოს მიახლოება მათ საზღვართან რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება, თუ საქართველო ნატოში მაინც გაწევრიანდება "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე" ლავროვმა უპასუხა:

"იენს სტოლტენბერგმაც კი ისაუბრა ამაზე. ომს ჩვენ არ დავიწყებთ, ამას გპირდებით. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავიანთ პირველ პრიორიტეტად მასში გაწევრიანებას ისახავენ, სერიოზულად გაფუჭდება."

კითხვაზე კიდევ როგორ გაუარესდება ურთიერთობები, როდესაც ისინი ისედაც გაფუჭებულია ლავროვმა თქვა:

"ნატოში ბევრი ქვეყანაა, რომლებიც ამისგან ფეტიშს არ ქმნიან და რუსეთთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვთ. მაგრამ როდესაც ნატო შეპყრობილი დაუსრულებელი გაფართოებით, ჩვენ ვხედავთ ამაში სურვილს ალყაში მოაქციოს რუსეთი, ჩვენ ალიანსის შიგნით მტრად ვართ გამოცხადებული, და შეაფერხოს ჩვენი განვითარება. ეს არის მცდელობა თავს მოგვახვიონ ის წესრიგი, რომელიც ეფუძნება იმ წესებს, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობს საერთაშორისო კანონების ნაცვლად."

ინტერვიუში ლავროვმა ასევე თქვა, რომ ივნისში საქართველოში გავითარებულმა მოვლენებმა პუტინის ინიციატივა საქართველოსთან სავიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც "ერებს შორის ურთიერთობას, კონტაქტების დამყარებას და ტურიზმის აყვავებას" ემსახურებოდა უკან დახია. ლავროვს მიაჩნია, რომ საქართველოში გამოჩნდნენ "საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები", რამაც შესაძლოა სიტუაცია შევალოს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის კითხვა წარმოადგენს არასწორ ინტერპრეტაციას ნატოში გაწევრიანების გერმანული მოდელისა, რომელიც NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე წამოაყენა.

რასმუსენის თქმით იმისათვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შემაფერხებელი არ გახდეს, საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მე-5 მუხლის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუვრცევლებლად გაწევრება.

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ალიანსს უკვე აქვს პრეცედენტი, როდესაც გერმანია 1955 წელს ისე გახდა NATO-ს წევრი, რომ მე-5 მუხლი მხოლოდ დასავლეთზე, ხოლო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1991 წლიდან უკვე აღმოსავლეთზეც გავრცელდა.

NATO-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა 2018 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა კვლევა "NATO-ს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში". კვლევაში წერია, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მოხდეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია 1949 წლის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესწორებით მოხდეს, რაც გულისხმობს მე-5 მუხლის დროებით არგავრცელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მანამ, სანამ არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.