საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზადაა და გადასაწყვეტი რჩება პოლიტიკური საკითხები.
“სამხედრო თვალსაზრისით საქართველომ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, თავისი მზადყოფნის და შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა, მხარი დაუჭირა ნატო-ს ოპერაციებს – აქ არაფერია, რაც საქართველოს აფერხებს. უფრო მეტიც, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველომ ყველაზე მეტი სამხედრო გაგზავნა ავღანეთში. თქვენმა ქვეყანამ აჩვენა, რომ კარგი და საიმედო პარნტიორია”, – განაცხადა ბრიდლავმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისადმი (IWPR) მიცემულ ინტერვიუში.
ბრიდლავის თქმით, ჩრდილოატლანტიკულ ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების მიღების საკითხი პოლიტიკურია და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უკავშირდება. ნიშნავს თუ არა ეს რომ, თუ კონფლიქტი არ გადაიჭრება, საქართველოს არ ექნება ხელშესახები შანსი, ნატო-ს წევრი გახდეს? – ბრიდლავი პასუხობს:
“ვფიქრობ, რუსეთში სიტუაცია შეიცვლება. უნდა ვიქონიოთ ოპტიმიზმი და საქართველომ შეინარჩუნოს მზაობა სამხედრო და პოლიტიკური კუთხით. სამხედრო თვალსაზრისით საქართველომ უკვე გაამართლა ჩემი ყველა მოლოდინი, პოლიტიკურად არის გარკვეული წინაღობები ოკუპირებეული ტერიტორიების გამო, რომელიც გადასალახია”, – აცხადებს ბრიდლავი და ქართველებს ურჩევს, გააგრძელონ დემოკრატიის განვითარება, რათა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ამ საკითხზე შეშფოთების საფუძველი არ დაუტოვონ.