პოლიტიკა
3-4 ოქტომბერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა

 საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს 3-4 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ ნატო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

პრესრელიზში გაწერილია ის შეხვედრებიც, რომელსაც საქართველოში ვიზიტით ჩამოსული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები გამართავენ. როზ გოტმიულერი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად უხელმძღვანელებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ბათუმში.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან.

ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს სამუშაო ლანჩი ექნებათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელებს და მოინახულებენ საქართველოს სანაპირო დაცვის ორ ხომალდს.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე სიტყვით მიმართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.