აქტუალური
პუტინი აფხაზეთის ჯარის მოდერნიზაციას დააფინანსებს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების ხელშეკრულებას. ის დათანხმდა მთავრობის წინადადებას დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ, შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე.

მიღებულ იქნეს რუსეთის მთავრობის წინადადება, ხელი მოეწეროს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსების შესახებ”, - ნათქვამია დოკუმენტში. ბრძანებულების თანახმად, აფხაზეთთან ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საბოლოო შეთანხმების მიღწევისთანავე.

რუსეთის მიერ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა აგვისტოს ბოლოს, რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის სერგეი შოგუს და აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, არმიის გენერალ მირაბ ქიშმარიას შეხვედრაზე, იტყობინებოდა სააგენტო „აფსნიპრესი“.