პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შემდეგ ისრაელის ხელისუფლება ქვეყანაში ვიზიტზე უარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას უცხადებს.
ებრაული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მინისტრი ქობალია ჯერ კიდევ არის 29-31 მარტს ისრაელში დაგეგმილი ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის სტუმართა სიაში, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას ისრაელში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ნახვა არ სურს და, შესაბამისად, ღონისძიებაზე არც ქობალიას ელის.
ებრაული საინფორმაციო სააგენტო „იზრუსის“ ინფორმაციით, ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაწყვიტა, რომ არ შეხვდება მინისტრ ქობალიას.ამ ყველაფრის მიზეზად კი კვლავ ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის დაპატიმრებას ასახელებენ, რომელთა სასამართლო პროცესი თბილისში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამავე მიზეზით ისრაელის მთავრობის წევრებს მითითებებიც განუსაზღვრეს, რომ ქართველი მაღალჩინოსნების ნახვა ისრაელში არ სურთ.
ჟურნალისტი ბენ კასპიანი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით აქამდეც გამოირჩეოდა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ურჩევს, „ჩემოდანი არ ჩაალაგოს, რადგან მას ისრაელში არ ელიან“.
ქობალიას ისრაელში არშემდგარი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. როგორც მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ვიზიტის გადადების ზუსტი მიზეზები საქართველოში ისრაელის ელჩ იცხაკ გერბერგთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა საქინფორმთან საუბარში გერბერგისა და საგარეო უწყების წარმომადგენლის შეხვედრის თარიღს ვერ აკონკრეტებენ.
„ჩვენთვის ოფიციალური მიზეზების თაობაზე ისრაელის წარმომადგენლობას არ განუცხადებია, მითუმეტეს, რომ ქვეყნის ელჩთან ძალზე ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს. უფრო მეტიც, მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ წარიმართოს კონსულტაციები და ამ მხრივ დაინტერესებას ებრაული მხარე იჩენს“, – განაცხადა კალანდაძემ.
საქინფორმი საკითხში გასარკვევად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც მოკლედ განუმარტეს, რომ „ქობალიას ისრაელში ვიზიტის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა“.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ იანვარში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას დაკავებული ებრაელი ბიზნესმენების გათავისუფლება მოსთხოვა, თუმცა ფუქსისა და ფრენკიელის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სამართალდამცველები მათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში სდებენ ბრალს. რონი ფუქსი და რეევ ფრენკიელი აღნიშნული ბრალდებით 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს.
რომ არაფერი ვთქვათ ებრაელებისა და ქართველების 26-საუკუნოვან მეგობრობაზე, საქართველოს ხელისუფლებას, ალბათ, უნდა ესმოდეს, რომ ისრაელთან ან, თუნდაც, სხვა რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭება კარგი ტონი ნამდვილად არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს სრულიად არ აღელვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ებრაელ ბიზნესმენებს, ალბათ, აქამდეც გაათავისუფლებდა. თუმცა წინ ბიზნესმენების სასამართლო პროცესია და, სავარაუდოდ, სწორედ მისი დასრულების შემდეგ გაირკვევა, ერთი მხრივ, ფუქსისა და ფრენკიელის ბრალეულობის, ხოლო მეორე მხრივ, ისრაელი-საქართველოს მომავალი ურთიერთობების საკითხი.
რაც შეეხება უშუალოდ ქობალიას ვიზიტის თემას, სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარითა და ებრაული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციებით თუ ვიმსჯელებთ, დაბნეული მინისტრი, ალბათ, ჩალაგებულ ჩემოდანზე ზის და ებრაული მხარის პასუხს ელის. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ქობალიამ ისრაელში ჩასვლაზე უარი უკვე განაცხადა.