საქართველოს ოფიციალური ვიზიტით NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კარლ ლამერსი ეწვია.
იგი თბილისში შეხვედრას გამართავს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან. მოლაპარაკებების შემდეგ დავით ბაქრაძე და ლამერსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედას გეგმავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრთან.„საქართველოში პირველად არ ვიმყოფები, აქ უკვე მეოთხედ ჩამოვედი. ჩემი ვიზიტის მიზანია, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოვიპოვო. შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ეკონომიკური განვითარება, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება“, – განაცხადა კარლ ლამერსმა.
ლამერსი მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 76-ე სემინარში, რომელიც ამ დღეებში იმართება თბილისში. მისი ვიზიტი საქართველოში სწორედ ამ ღონისძიებას უკავშირდება.