უცხოეთი
ირანელი გენერალი - არ შევჩერდებით, სანამ აგრესორს ბოლომდე არ გავანადგურებთ

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ირანი ნებისმიერ აგრესორს გაანადგურებს,- ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.

„როიტერსის“ინფორმაციით, სალამიმ აშშ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და თავდასხმა მხოლოდ ირანით შემოფარგლული ვერ დარჩება.

გარდა ამისა, ირანის საგარეო მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაკისრებული ახალი სანქციები აშშ-ის „სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე“ მიანიშნებს.

„ეს აშშ-ის სასოწარკვეთილების ნიშანია. როცა ისინი ერთსა და იმავე ინსტიტუტს სანქციებს ხელახლა უწესებენ, ნიშნავს, რომ მათი მცდელობა, ირანელი ერი მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებით დააჩოქონ, ამაო აღმოჩნდა,“ - განაცხადა ზარიფმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საუდის არაბეთში ჯარის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

14 სექტემბერს, საუდის არაბეთში, ორ ნავთობტერმინალზე დრონების მეშვეობით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აშშ-მ ირანს დააკისრა, თუმცა თეირანმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თავდასხმა მსოფლიოს მთავარი ნავთობექსპორტიორის წინააღმდეგ ჩადენილი საომარი ქმედებაა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები, საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის სხვა მოკავშირეებთან ერთად, საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ქმედებების მიზნით კოალიციის შექმნის საკითხს განიხილავს.

გარდა ამისა, აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა.

interpressnews.ge