გასულ კვირას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით: „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: ევროკავშირ-საქართველოს სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულება“. როგორც ფონდის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ანგარიში 2010 წლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხება. მისი განმარტებით, 2010 წელს მოდერნიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სერიოზული სვლა დემოკრატიისაკენ არ მომხდარა.
აღნიშნული ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში ბრიუსელშიც შედგა. თბილისში ანგარიშის პრეზენტაციის მიზანი კი საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება იყო.ანგარიშში საუბარია იმის თაობაზე, როგორი მდგომარეობა იყო მედიის დამოუკიდებლობის კუთხით 2010 წელს, ასევე, ეკონომიკაში, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საარჩევნო გარემოს, გარემოს დაცვის, საჯარო სამსახურის რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არსებული პოლიტიკის შესახებ.
ანგარიში საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატებმაც მოისმინეს, რომელთა შორის საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიეც გახლდათ. ელჩი ფურნიე ანგარიშის მოსმენით შეშფოთებული დარჩა.
როგორც მან რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, „ევროკავშირის ძალისხმევა ამაო ჩანს, რადგან დემოკრატიის კუთხით საქართველოში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება“.
„ევროპული ფასეულობებისგან თითქმის არაფერი დარჩა და ეს კატასტროფაა. როდესაც ვისმენ, რომ 8 ლარის მოპარვისთვის ახალგაზრდის დაპატიმრება კარგია, ეს ძალიან საშიშია. ვფიქრობ, შესაძლოა, თანამეგობრობამ მოახდინოს საქართველოს ევროპული გზის მთავარი ორიენტაციის იგნორირება“, – განაცხადა ფურნიემ.
ევროპელი დიპლომატის რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ნათლად ჩანს, რომ ევროპამ „თვალი გაახილა“. რა გეზს მისცემს საქართველოს ევროპულ მიმართულებას პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა, ეს, ალბათ, თავად ევროპის გადასაწყვეტია, თუმცა ერთი რამ ფაქტია – მიუხედავად დაგვიანებისა, უცხოელმა დიპლომატებმა ქვეყნაში არსებული მცირე თუ ქრონიკული და მასშტაბური პრობლემების აღქმა დაიწყეს. შეძლებს თუ არა საქართველო „ჩატეხილი ხიდის“ აღდგენას და ევროკავშირის მხრიდან უგულებელყოფის საფრთხის გადალახვას, ალბათ, ამის რეალური პასუხიც ევროპაში უნდა ვეძიოთ, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკითხავადაც გასაგებია.
რაც შეეხება თავად ჩრდილოვან ანგარიშს, ის რამდენიმე მიმართულებით დამუშავდა. ანგარიშის შედგენაში მონაწილეობდნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ანალიტიკური ცენტრი „ეკონომეტრი“, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“, საზოგადოება „მწვანე ალტერნატივა“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“.