წუხელ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე,მოსკოვში, ტარას სანაპიროს გასწვრივ, სასტუმრო ”უკრაინასთან” უცნობმა პირებმა მოკლეს აჭარის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ელგუჯა ჯინჭარაძე, მეტსახელად რემბო.
მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი. ჯინჭარაძე მკვლელობის ადგილზე ექიმების მოსვლამდე გარდაიცვალა. მას ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი.
თვითმხილველების თქმით, ჯინჭარაძე ქუჩაში ორ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა. მათ შორის მოხდა შელაპარაკება, რომლის დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა იარაღი ამოიღო და ჯინჭარაძეს ესროლა. ქალაქის მილიციამ დააკავა მანქანა, რომლითაც მკვლელებმა გაქცევა მოახერხეს. მანქანა ეკუთვნის ტაქსის მძღოლს, რომელმაც გ ანაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვიმიტანილი ორი პიროვნება მან რუბილოვკის გზატკეცილზე ჩამოსვა. დამნაშავეებზე ძებნაა გამოცხადებული.
ჯინჭარაძე ასლან აბაშიძის გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო და შეიარაღებულ დაჯგუფებასაც ედგა სათავეში. 2004 წელს ასლან აბაშიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების შემდეგ ელგუჯა ჯინჭარაძემ აჭარის ლიდერს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარეს გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ჯინჭარაძის ძმაც, ბიზნესმენი მამუკა ჯინჭარაძეც, რამდენიმე წლის წინათ მოსკოვში მოკლეს.