აქტუალური
სახელმწიფო შესყიდვების სისტემას კიდევ ბევრი ხარვეზი აქვს

tenderrსახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემყიდველი ორგანიზაციების ტოპხუთეული გამოავლინა, რომლებმაც 2011 წელს ყველაზე მეტი ტენდერი გამოაცხადეს. ესენია:

თბილისის მერია (143 ტენდერი), სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო (136), ფინანსთა სამინისტრო (114), შემოსავლების სამსახური (99), ქუთაისის მერია (85).

კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2010 წლის 1 დეკემბრიდან ყველა სახელმწიფო ტენდერი ელექტრონული ფორმით ხორციელდება. შემყიდველმა სისტემაში უნდა ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაცია და დაელოდოს მიმწოდებელთა წინადადებებს.

სწორედ ამ პროექტის ერთგვარი განხილვა გაიმართა გერმანულ სახლში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 2011 წელს ყველაზე მეტი ელექტრონული ტენდერი გამოცხადეს.

პროგრამის მთავარ პლუსად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები ინფორმაციის გამჭვირვალობას მიიჩნევენ, რამაც ადმინისტრაციული საჩივრების რიცხვის შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, თუ ადრე მექანიკური შეცდომების გამო შეიძლებოდა პრობლემა შექმნილიყო, ახლა უკვე სისტემა შეცდომის საშუალებას აღარ იძლევა. რაც შეეხება, თუ რამდენად მომგებიანია ეს სისტემა სახელმწიფოსთვის, მიუხედავად ტენდერების ჩაშლის შემთხვევებისა, ამ პროგრამის საშუალებით სახელმწიფომ შესყიდვებზე დახარჯა დაახლოებით 36 მილიონი ლარით ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივი შესყიდვებისას.

ელექტრონული ტენდერების მონაწილეებმა კი პროექტის უარყოფითი მხარეები დაასახელეს – ფასი არ უნდა წარმოადგენდეს შეფასების ერთადერთ კრიტერიუმს და ყურადღება უნდა გამახვილდეს ხარისხზეც; შავ სიაში არსებულმა კომპანიებმა საერთოდ ვერ უნდა წარმოადგინონ წინადადება; მოგვარდეს ბანკებთან არსებული პრობლემა (დაგვიანება, თანხის დაბრუნება); საკონკურსო განაცხადისთვის მომზადდეს უფრო მსუბუქი ფორმა; არშემდგარი ტენდერები რამდენჯერმე ჩაშლის შემდეგ გამარტივებული წესით ჩატარდეს; არაერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტებზე ერთი ტენდერის გამოცხადება გახდეს შესაძლებელი; მკაფოდ დაფიქსირდეს, რომ ადმინისტრაციული ორგანოდან საკვალიფიკაციო ცნობების მოტანა სავალდებულო არ არის და ა.შ.