პოლიტიკა
შვეიცარიის ელჩი საქართველოს მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შედეგებზე აფრთხილებს

 საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ხალხმა პატივი უნდა სცეს საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, განაცხადა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა, როდესაც კომენტარი გამოთქვა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დეპუტატების უარის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

დადგენილების პროექტი „ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების თაობაზე" ფრაქცია „ევროპული საქართველოს" მიერ არის ინიცირებული. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ხელისუფლება 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

„ევროპული საქართველოს" პროექტი ითვალისწინებდა ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან სანქციებს ყველა იმ კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მმართველ პარტიაში ამ პროექტს ქვეყნისთვის საზიანო უწოდეს.

ნებისმიერ წარმომადგენლობას პარლამენტში აქვს უფლება და საშუალება, რომ ნებისმიერი ინიციატივა წარმოადგინოს. უმრავლესობას აქვს უფლება, რომ მოიწონოს ან დაიწუნოს ინიციატივა. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და არ დაუჭირა მხარი ინიციატივას. თუ უმრავლესობა რომელიმე ინიციატივას მხარს არ უჭერს, ხალხმა ამას პატივი უნდა სცეს", – განაცხადა ფრანცენმა, იუწყება პირველი არხი.

თვითონ პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ინიციატივა ელჩმა არ შეაფასა, მხოლოდ შედეგებზე გააფრთხილა მოსახლეობა.

რაც შეეხება სანქციებს, რა თქმა უნდა, როგორც შვეიცარიელ დიპლომატს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. თუმცა საქმე ისაა, რომ ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები, შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება სანქციებს საქართველოსთვის", – აღნიშნა ფრანცენმა.

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ პრობლემები მხოლოდ დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას.

რაც შეეხება მეზობლებს, მეზობელ ქვეყნებს აქვთ საერთო ინტერესები, პრობლემები და ამ პრობლემებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. ეს ხდება დიპლომატიის გზით, საუბრით და, რა თქმა უნდა, სწორი რეალისტური საგარეო პოლიტიკით", – განაცხადა ფრანცენმა.

შვეიცარიის საელჩო საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალია. დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გათვალისწინებით, შვეიცარიის საელჩოებში თბილისსა და მოსკოვში გახსნილია, შესაბამისად, რუსეთისა და საქართველოს ინტერესების სექციები.

ისედაც რთული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლამ გაამწვავა. რუსეთმა 8 ივლისიდან შეწყვიტა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოში ტურების გაყიდვა შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტურისტულმა სექტორმა წლის ბოლომდე, შესაძლოა, 700 მილიონ დოლარამდე იზარალოს.