საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია.
ამასთან, 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, 4 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კარგია.
როგორც პრეზენტაციაზე საქართველოში „ენდიაის“ ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა აღნიშნა, ალბათ, ეს ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელზეც პასუხისმგებლობას გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს, განსაზღვრავს მოსახლეობის დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევის ძირითადი აქცენტები სწორედ ეკონომიკასა და ჯანდაცვაზეა გაკეთებული.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.