აქტუალური
იაპონური ცუნამი ქართულ ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს

japanიაპონიაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო ბაზარზე გავლენა მეორე დღესვე მოახდინა. გაუფასურდა იენი, ნავთობის ფასმა კი კლება დაიწყო, მასზე მოთხოვნის შემცირების გამო. იაპონიის მთავრობა ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად საფონდო ბირჟებზე ვაჭრობების შეჩერებასაც გეგმავს. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ქართულ ეკონომიკაზე ეს არსებით გავლენას არ იქონიებს, რადგან ჩვენი და იაპონიის ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ ინტეგრირებული არ ყოფილა. „არის გარკვეული ტიპის სავაჭრო ურთიერთობები, თუმცა როგორც კი იქ ვითარება სტაბილური გახდება, ეს ურთიერთობები განახლდება“, – აცხადებს საქინფორმთან ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ გზირიშვილი. იმავეს ადასტურებენ საქართველოში იაპონური კომპანიების დილერები და წარმომადგენლები, რომლებიც, ძირითადად, იაპონური ავტომანქანების იმპორტით არიან დაკავებულნი. მათი განცხადებით, საკმარისი რაოდენობის ავტომობილები ჰყავთ და სიტუაციის დამშვიდებამდე დეფიციტი არ შეექმნებათ, მომავალში კი იმპორტის ზრდას ელიან. იაპონიაში ამ მოვლენების შედეგად დაზიანებული ავტომანქანა ბევრია და შეიძლება ისინი დაშლილი ნაწილების სახით შემოვიდეს საქართველოში. მით უფრო, ჩვენი ქვეყანა არც ისე პატარა ბაზარია მეორადი მოხმარების ავტომობილებისა და ავტონაწილების იმპორტის თვალსაზრისით.

2010 წლის მონაცემებით, საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მხოლოდ 1,4%-ია. იაპონიიდან საქართველოში 81 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა (მთლიანი იმპორტის 1,6%), ძირითადად, ავტომობილები და საბურავები, საქართველოდან იაპონიაში მხოლოდ 8,3 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიყიდა (მთლიანი ექსპორტის 1%).