პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია აშშ-ის საელჩოსთან თბილისში

 საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. „ამ მასშტაბის აქცია პირველად გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. ამადროულად, პირველად გაიმართა ამ სტილის აქცია: მშვიდობიანი, მწყობრი გზავნილებით! დიდ მადლობას ვეუბნები ყველას, ვინც შემოუერთდა ჩვენს შეკრებას და ვინც აცნობიერებს, რომ ბრაიზები და კრამერები აზიანებენ არა მარტო საქართველოს, არამედ თავად ამერიკას. ბევრი მეკითხება, - რამდენი ადამიანი მონაწილეობდა აქციაში. მოკლედ გპასუხობთ:

ტრიბუნის წინ, რასაც ვხედავდით, 6000 ადამიანზე მეტი იდგა. ტრიბუნის მარჯვნივ, უკან და ორი მაგისტრალის დამაკავშირებელ ზოლზე 2000 კაცზე მეტი იყო შეკრებილი. ხალხის ნაკადი "მაკდონალდსის" შესასვლელამდე იყო გაჭიმული, რასაც ჩვენ ვერ ვხედავდით. სამწუხაროა, და ეს უკვე პირველად არ ხდება, რომ ჯერ კიდევ 4 საათზე საპატრულო პოლიციამ ხელოვნურად დააბრკოლა აქციაზე მომავალი ადამიანები, გლდანის ხიდიდან და სხვა მიმართულებებიდან. ჩვენ დავუკავშირდით საპატრულო პოლიციას, გზა ცოტა ხნით გაიხსნა, მაგრამ ადამიანებს უთხრეს, რომ გლდანის ხიდიდან საელჩომდე ფეხით უნდა მოსულიყვნენ, ისინიც წამოვიდნენ და აქციას დაგვიანებით შემოუერთდნენ და ეს იყო 2000 კაცზე მეტი. ასე რომ, როგორც არ უნდა ითვალონ, 10 000 კაცზე მეტი დაესწრო ამ აქციას. მიუხედავად იმისა, რომ ხალხს აშინებდნენ,- თუ აქციაზე მიხვალთ, ამერიკის ვიზას ვერ მიიღებთო. ვფიქრობ, ხალხსი საკმარისი რაოდენობა იყო. მეტი საჭირო არც იყო. ჩვენ ამერიკას ომს კი არ ვუცხადებთ, ჩვენ ვეუბნებით: დაინახე ქართველი ხალხი, დაანებე თავი მწამებლების მფარველობას!", - წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე ირმა ინაშვილი.