საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ მთავრობის სხდომები, მთავრობის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ერთი საათიდან 1,5 საათამდე გასტანს.
როგორც 1tv.ge-სთვის მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, გიორგი გახარია ასევე მიიჩნევს, რომ საკითხების მომზადებაზე გაცილებით მეტი დრო უნდა დახარჯონ მინისტრების მოადგილეებმა და სხდომების 3-4 საათს გაგრძელება მიუღებელია.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით,13 სექტემბერს მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტი სხდომაზე ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით, 10:00 საათზე შეიკრიბება.
„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს“,- მიმართა გიორგი გახარიამ კაბინეტის წევრებს.