პუბლიკაციები
მალთუსის თეორია, ანუ თურქეთის ახალი ვილაიეთი

vilaietia(პოლიტიკური ტრაგიკომედია)

ძვირფასო მკითხველო, გინდ დაიჯერე, გინდ არა. მაგრამ ყველაფერი, რასაც ახლა გიამბობ, ცოტა ხნის წინათ შემემთხვა...

ჩვეულებრივი თბილისური საღამო იდგა. ცხრასაათიანი საინფორმაციო გამოშვება უკვე მთავრდებოდა, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა.

კარი გავაღე და საკუთარი სახლის ზღურბლზე დავინახე... თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!!! წითელი ვარდით ხელში...

– ბატონო მიხეილ??? – ძლივს ამოვღერღე...

ჰო, მე ვარ, შენი პრეზიდენტი, – ჩვეული უშუალობით მიპასუხა მან, თანაც დასძინა, ხომ წერ, სააკაშვილი ხალხისთვის მიუწვდომელიაო, ჰოდა, მეც ავდექი და მოვედი!

– სტუმარი ღვთისაა, მითუმეტეს – ასეთი მაღალი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ცოტა გონს რომ მოვედი, შინ შევიპატიჟე. ისიც შემოვიდა და, როგორც ასეთ სიტუაციაში ქართველებს გვჩვევია, სახელდახელო სუფრა გაიშალა, ღვინითა და ტრადიციული სადღეგრძელოებით. ჩვენ შორის გულითადი საუბარი გაიმართა.

– მაინც, რით დავიმსახურე ასეთი პატივი, ბატონო მიხეილ?

ჯერ ერთი, დროა, ერთმანეთს შენობით მივმართოთ, მეორეც შენი სტატიები წავიკითხე და შენ შესახებაც გავიკითხ-გამოვიკითხე. უნდა გითხრა, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ძირითადად, სიმართლეს წერ... და, რაც მთავარია, როცა მაკრიტიკებ, ღვარძლს არ ანთხევ! ამიტომაც დავინტერესდი, თუ ვინ იყო პოლიტოლოგი არნო ხიდირბეგიშვილი, რატომ მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ? დღეს ხომ საქართველოში ჩემი კრიტიკით პრობლემების გარდა ვერაფერს შეიქმნი ვერც ფულს იშოვი, ვერც თანამდებობას მიიღებ და ვერც სახელს მოიხვეჭ... აი, ქსანში, საკანში კი შეიძლება მოხვდე! ხომ იცი, რომ ჩემი მლიქვნელები მშობელ მამას გაიმეტებენ საციხოდ, ოღონდ მასიამოვნონ. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, სულაც ნაცემი გიპოვონ სადღაც, თანაც, ჯიბეში სუბტექსით“... 

– ვიცი, მიშა, ვიცი! რას იზამ, ცხოვრებაში ბევრს იმიტომ ვერაფერს ვეწიე, რომ, გინდა მომკალი, მლიქვნელობა არ შემიძლია: როგორც გარკვეულ დონეს მივაღწევ ყოველგვარი „ლობის“ გარეშე, კვლავ ყველაფრის ნულიდან დაწყება მიხდება... ლობიო მიირთვი, ბატონო პრეზიდენტო, დედაჩემის მომზადებულია...

მეც ამას გეუბნები, რაღაც არანორმალური ხარ: სტუმრად პრეზიდენტი გეწვია, შენ კი, იმის მაგივრად, რომ მოინანიო, რაიმე მთხოვო, ვთქვათ, თანამდებობა (იცინის), შენსას მიერეკები. არა უშავს, არა უშავს, ეს ისე, ხუმრობით ვთქვი. მართალი გითხრა, შენისთანები მჭირდება კიდეც. ცოტა ხანს მოითმინეთ და მალე ყველაფერი კარგად იქნება.

– მოვითმინოთ, „უფრო მაგრად შემოვიჭიროთ ქამრები“?! კარგი რა, მიშა! ეს „სიმღერები“ ბევრჯერ მოგვისმენია – კომუნისტებისგანაც, შევარდნაძისგანაც, ახლა შენგანაც ვისმენთ... დავიღალე ლოდინით, ნიახური ხომ არა ვარ, ამქვეყნად მეორედ მოვიდე?! მე, კარგი, ჯანდაბას ჩემი თავი, ხალხს რას უშვრები?! ჩემსა და შენს ხალხს, მიშა! იცი თუ არა, ძვირფასო, რომ საქართველო „ფოკუსნიკების“ ქვეყანაა?! თვით დევიდ კოპერფილდიც კი, შენი ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით, არარაობაა!.. ერთი ამიხსენი, „ფოკუსნიკების“ გარდა, ვინ გაიტანს თავს ამ პენსიებით? და თითქმის ასეთივე ხელფასით, ანდა, თუნდაც, უიმისოდ?! იცი თუ არა, მიშა, ბოლო ხანს რამდენად გაძვირდა ცხოვრება საქართველოში?! მედიკამენტები, მთელი სამომხმარებლო პაკეტი – პროდუქტი, საქონელი, მომსახურება... ისე, ჩემგან თავის მობეზრებაღა გაკლდა, განა შენი ბენდუქიძე არ გეუბნებოდა ამას? თუ მხოლოდ იმას გიკაკლავს, რომ სახეში შეაფურთხეს?!

ჰო, ბენდუქიძე, დავუშვათ, უკვე დიდი ხანია, შესაცვლელი იყო. მავრმა გააკეთა თავისი საქმეგაყიდა ყველაფერი, თავისი სინდისიც საჩუქრად მიაყოლა... ეჰ, ფიქრობ, მე განა არ მტკივა გული ჩემი ხალხის გამო? განსაკუთრებით, როცა ჩვენს ჰიმნს ვუსმენ... ისე მტკივა, რომ გული ხელით მიჭირავს! მაგრამ გამიგე, ჯიუტო, ზოგიერთი რამ ჩემს ძალებს აღემატება...

– აი, ხალხის ციხეში ჩასმა – ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის თითქმის ერთ-ნახევარი პროცენტი – არ აღემატება შენს ძალებს?! შენი ვერაფერი გამიგია, მიშა, ვერაფერი... მაშ, მოდი, მიპასუხე: იქნებ ბუში შეგპირდა, საქართველოს შეერთებული შტატების შემადგენლობაში მივიღებო? თუმცა რა, ხომ არსებობს ჯორჯიის შტატი, ჰოდა, კიდევ იქნება – ნიუ-ჯორჯიის! ხომ ჟღერს?! იქნებ, მაშინ უმუშევრობისათვის შემწეობაც მივიღოთ... მითხარი, მიშა, ნუ მტანჯავ: ამას შეგპირდა ბუში?

ბუში, ნუში... რას მიედ-მოედები?! ეტყობა, ღვინო მოგეკიდა! შენ რა, გგონია, არ ვიცი, რას ვაკეთებ?! გგონია, ამერიკისა და ინგლისის უნივერსიტეტებში მარტო ვსვამდი, სიგარეტს ვეწეოდი და ქალებში დავდიოდი?! სულელია, ხომ, სააკაშვილი, ქარაფშუტა?! გულუბრყვილო კაცი ხარ, არნო, თუმცაარცთუ უჭკუო! ამას ყველაფერს ვთამაშობ!!! სინამდვილეში ჩემი სტრატეგია მაქვს, მკაფიო გეგმა და მას შევასრულებ.

– გეგმა?! წარმოუდგენელია! მაშ, უთხარი ყველას – შენც დაწყნარდები, დალოცვილო, შენი ოპოზიციაც და ჩვენც – უბედურები...

უფრო სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონა... შე შტერო, ვერ ხვდები, რომ ყველასათვის თქმა არ შეიძლება?! მაგრამ რაკი ასეთი ქეიფი წავიდა, შენ გაგანდობ: მალთუსის თეორია თუ გახსოვს?

და უცებ თავში დამკრა: აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! რა თქმა უნდა, XVIII-XIX საუკუნეების ინგლისელი ეკონომისტის თომას რობერტ მალთუსის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ საარსებო სახსრებისა და მოხმარების საგნების მოცულობა გაცილებით ნაკლებად მატულობს, ვიდრე შობადობა. ამიტომაც უმუშევრობა, გაჭირვება, ომი, ეპიდემიები და შიმშილი მანკიერებაკი არა, ბუნების წყალობაა“, რადგან ყველა ეს საშინელი უბედურება ამცირებს დედამიწაზე ... ადამიანთა რაოდენობას!

პრეზიდენტის გულახდილობით გაოგნებული დიდხანს ვდუმდი... უხერხული დუმილი თავად პრეზიდენტმა დაარღვია:

და, საერთოდ, ჩემო მეგობარო, ხომ გიყვარს ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად დიდი ადამიანების ციტირება, სტალინის სიტყვები არ გახსოვს? – „არის ადამიანი არის პრობლემა, არ არის ადამიანი არ არის პრობლემა!

– როგორც ჟვანია, ხომ?! – წამომცდა და მაშინვე ვინანე: პრეზიდენტი ძალიან გაბრაზდა...

ნუთუ შენც გგონია, რომ ჟვანია მე მოვიშორე?! ის მალთუსის თეორიამ მოიშორა!

და მივხვდი, რომ ყველაფერი, რის შესახებაც უნდა მეკითხა ახლა პრეზიდენტისთვის – იქნებოდა ეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილები, წყალდიდობისა თუ მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, უნიჭო რეფორმები, რომლებმაც დაანგრია ჩვენი კულტურა და განათლება, უმუშევრად და უსახსროდ დარჩენილი ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე – ყველაფერს მალთუსის თეორიით ახსნიდა: რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა დაიხოცოს და შიმშილით მოკვდეს, რომ დანარჩენებს მეტი დარჩეთ!“ – ყველაფერში მალთუსია დამნაშავე, მაგის დედა ვატირე!..

შემთხვევით, შენც ხომ არ გინდა, რომ გადავდგე?! განაგრძო გაბრაზებულმა პრეზიდენტმა, ნურას უკაცრავად! ამას ხომ ხედავ?! – და მიჩვენა პრეზიდენტის ბრანწი... მაშინ პრეზიდენტს დასამშვიდებლად სადღეგრძელო შევთავაზე:

– მოდი, მიშა, იქნებ შენი კუმირის – მუსტაფა ქემალ ათათურქის სადღეგრძელო შევსვათ! – და უცებ სახე გაუნათდა.

სიამოვნებით! იცი რა, საიდუმლოდ გაგანდობ: რა თქმა უნდა, მესმის, რომ შეერთებულ შტატებში ვერ მიგვიღებენ შორსაა, არც ვესაზღვრებით. თურქეთი კი ჩვენი მოსაზღვრეა! თანაც, ყველაფერი იქიდან შემოგვაქვს, ყველა ქართველმა იქ იშოვა საქმე მამაკაცებმა და, განსაკუთრებით, ქალებმა... ამიტომაც ვაპირებ, თურქეთს ნატოს უახლოეს ფორპოსტს მივმართო: მიგვიღონ როგორც ახალი პროვინცია, გურჯისტანის ვილაიეთი! შემდეგ 300.000 თურქი-მესხი შემოვუშვათ და თბილისში, თავისუფლების მოედანზე ათათურქს ძეგლი დავუდგათ, მერე კი...

და უცებ შეძრწუნებულს ... გამომეღვიძა და მივხვდი, რომ ყოველივე ეს – პრეზიდენტის სტუმრობა და ჩვენი საუბარიც – სიზმრად ვნახე! გონს ძლივს მოვედი და ის იყო, შუბლიდან ცივი ოფლი უნდა მომეწმინდა, რომ ფანჯარაში ... თურქული ნახევარმთვარე დავინახე!!! მაგრამ სათვალე რომ გავიკეთე და კარგად დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს ოდენ წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარისმანქანა ყოფილა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდა! მალთუსის თეორია მოქმედებდა...

 

P.S. როდესაც 2005 წელს განვაცხადე, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანას მართავს მალთუსის თეორიით და საქართველო მალე გახდება თურქეთის ახალი ვილაიეთი (ესე იგი – პროვინცია), ბევრმა უხეირო ხუმრობად მიიჩნია. მაგრამ ფაქტები ჯიუტია: მალე ამის შემდეგ საქართველოში გაუქმდა სავიზო რეჟიმი თურქეთთან, თანაც იმ დროს, როდესაც მსოფლიოში „ბობოქრობდა“ ქათმის გრიპი, თურქეთი კი ამ ეპიდემიის ერთ-ერთ კერად აღიარეს... საერთოდ კი, ასეთ შემთხვევებში საზღვრებს სასწრაფოდ კეტავენ, მაგრამ... არა ერთი ქვეყნის შიგნით: დიახ, დიახ, ახლა გზაზე თბილისიდან (გურჯისტანის ახალი ვილაიეთის ცენტრიდან) ანკარამდე (საქართველოს ახალ დედაქალაქამდე) ჩვენს ტურისტებს, მოვაჭრეებსდა მეძავებს არავინ და აღარაფერი აჩერებს! მიშა-ფაშამ კი, ალბათ, მიიღო მადლობა „ქვეყნის დემოკრატიზაციის მორიგი რეკომენდაციის შესრულებისათვის“!

და კიდევ – უახლოეს ხანებში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მთელ მონაკვეთზე გაჩნდება უზარმაზარი ბეტონის კედელი ეკონომიის მიზნით მისი აგებისათვის გერმანია ნაწილ-ნაწილ გამოუგზავნის საქართველოს დანგრეულ ბერლინის კედელს...

არნო ხიდირბეგიშვილი

(2005 წლის მარტი, გაზეთი „ასავალ-დასავალი“)

ძვირფასო მკითხველებო! როგორც ხედავთ, 2005 წლის პუბლიკაციის მესიჯები დღესაც, ზუსტად 6 წლის შემდეგაც, აქტუალურია. სამწუხაროდ, პუბლიკაციის ავტორის მიერ წამოყენებული მთავარი ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს მალთუსის თეორიის მიხედვით მართავს, დადასატურდა: კიდევ უფრო იმატა მოსახლეობის სიდუხჭირემ, აჭარაში სულ ახალ-ახალი მეჩეთები შენდება, 08.08.08 ომის შედეგად გაწყდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამმიჯვნელ საზღვარზე ბეტონის კედელი აღიმართა.

საქინფორმი