სამართალი
საკომისიო დავალიანება – ბანკის „ხაფანგი“ თუ მომხმარებლის უყურადღებობა

bankXმოსახლეობის გარკვეულ ნაწილს კომერციულ ბანკებთან ახალი პრობლემები შეექმნა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა ვადაგადაცილებულ სესხებს, არამედ ანგარიშის მომსახურების საკომისიოს. კონკრეტულად, მოქალაქეს ბანკში ანგარიშის გახსნისას ანგარიშის მომსახურებისთვის ყოველთვიური საკომისიო ერიცხება 1,0-1,5 ლარის ოდენობით. როდესაც მომხმარებელი ანგარიშს აღარ იყენებს, თუ ანგარიშის გაუქმების შესახებ განაცხადს არ წარადგენს, მას საკომისიო მაინც ერიცხება. როგორც აღმოჩნდა, ბევრი მომხმარებლისთვის ეს ფაქტი უცნობია და ამიტომ არსებული დავალიანების გამო ბანკიდან განხორციელებულმა ზარებმა ბევრი დააბნია.

როგორც საქინფორმთან საუბრისას მსგავსი პრობლემით შეწუხებულმა მოქალაქეებმა აღნიშნეს, საქმე ეხება 5-6 წლის წინათ გახსნილ სახელფასო ანგარიშებს, რომლებიც უკვე წლებია უმოქმედოდაა. ექსპერტები ამ შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებების დარღვევას გამორიცხავენ და პრობლემის მიზეზად დაუდევრობას ასახელებენ – რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი წაუკითხავად აწერს ხელს ხელშეკრულებას. შესაბამისად, არ ფლობს ინფორმაციას, რა ვალდებულება ეკისრება ბანკის მიმართ. ამავეს აცხადებენ ბანკების ასოციაციაშიც. „ბანკი მომხმარებლის განაცხადების გარეშე ანგარიშს ვერ გააუქმებს, მას არ აქვს ამის უფლება. მომხმარებელმა ანგარიშები მუდმივად უნდა აკონტროლონ. რაც მთავარია, ყველამ უნდა ისწავლოს ხელშეკრულების წაკითხვა და მსგავს სიტუაციაში არავინ არმოჩნდება“, – აცხადებს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია.

 

ფაქტია, რომ უცოდინარობის თუ ბანკებთან ურთიერთობის კულტურის დაბალი დონის გამო მომხმარებელი ზარალდება, ბანკი კი, როგორც ყოველთვის, მოგებული რჩება.