პოლიტიკა
საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ალიანსის ინტერესს არ იწვევს - ჯეიმს აპატურაი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ნატო-ში ინტერესს არ იწვევს, – ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააკეთა.

მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ მსგავსი იდეა დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, დროულია.

მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატო-ში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. ნატო-ში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატო-ში, და მეტ ნატო-ს საქართველოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტული იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. ნატო-ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში“, – წერს აპატურაი.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს ნატო-ში. „ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.