საზოგადოება
რატომ არ შეიძლება, აშშ-ს ან ევროკავშირს ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს კონფლიქტების საკითხებში -სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. რატომ არ შეიძლება, აშშ-ს ან ევროკავშირს ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს კონფლიქტების საკითხებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ფორმატის შექმნა კონფლიქტების გადასაწყვეტად და არა მის სამართავად.

ჩვენ უნდა შევქმნათ ფორმატი კონფლიქტის გადასაწყვეტად და არა მის სამართავად. შესაბამისად, ჩნდება საჭიროება, ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დეესკალაციის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადამკვირვებლო საქმიანობა განახორციელოს მთელ ოკუპირებულ რეგიონებში. ამით უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ უკრაინის კონფლიქტის ფონზე დღის წესრიგიდან არ ამოვარდეს საქართველოს საკითხი.

შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოსა კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ნაკლებად ფორმალური პლატფორმის შესაქმნელად, რათა აღვადგინოთ ნდობა და აუცილებელი სივრცე პროგრესისათვის.

მთავარია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, შევქმნათ დინამიკა და თავიდან გავაჩინოთ პერსპექტივა, რათა არ დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი. თუმცა ეფექტიანი დიპლომატია მყარ და რაციონალურ საფუძვლებზე უნდა იყოს დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.