პოლიტიკა
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს მხარდაჭერა ექნებათ

burjoროგორც ცნობილია, ლიბიის მოვლენებთან დაკავშირებით 2011 წლის 17 მარტს გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, მიმართოს ყველა საჭირო ზომას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ამ დოკუმენტის მიღებას საქართველოს ხელისუფლებაც გამოეხმაურა. „საქართველო მიესალმება ინიციატორი და მხარდამჭერი ქვეყნების გადაწყვეტილებას. იგი მუდამ იყო და იქნება იმ სახელმწიფოთა გვერდით, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და ხალხის თავისუფალ არჩევანს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძის პარტია ხელისუფლების ამ განცხადებას მოსახლეობის შეურაცხყოფად აფასებს. „საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფა და ცინიზმია ის განცხადება, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა გახმიანებული. ეს იმ ხელისუფლების განცხადებაა, რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი შექმნა და უზარმაზარ რესურსს სწორედ ამ რეჟიმის განმტკიცებისთვის ხარჯავს. ამას აცხადებს ის ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ლახავს ადამიანის უფლებებს, რომელსაც ჰყავს პირადი და პოლიტიკური პატიმრები, რომელმაც დაიწყო უგუნური ომი და საფრთხეში ჩააგდო მთელი ქვეყნის მოსახლეობა. ეს არის იმ ხელისუფლების განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს საკუთარი ხალხის ნებას და რეალურად დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ ტუნისისა და ეგვიპტის ხელისუფალთა ბედი გაიზიაროს“, – ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „სახალხო კრება“ აცხადებენ, რომ „ძალა ხალხშია და სწორედ ხალხის მასობრივი პროტესტი იქნება გარანტი იმისა, რომ სააკაშვილმა ვერ გაბედოს, ხელი აღმართოს საკუთარ ხალხზე და მისი რეჟიმი მშვიდობიანი გზით გავუშვათ“.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრების აზრით, „2011 წლის 17 მარტს გაეროს უშიშროების საბჭოზე მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიო რეჟიმებსა და დიქტატორ მმართველებს მხარს არ უჭერს, რომ მსოფლიოს მხარდაჭერა აქვს ხალხს და არა ხელისუფლებებს“.

„ამ სამართლიან ბრძოლაში ქართველი ხალხი აუცილებლად მიიღებს მსოფლიოს მხარდაჭერას“, – ნათქვამია განცხადებაში.