როგორც აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ გაბრიჩიძემ განაცხადა, „კავკასიაში მიწისძვრის 50 ათასი კერაა. ის ფაქტი, რომ ერთ საუკუნეში 10, თუნდაც, 8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, მიუთითებს იმაზე, რომ კავკასიისთვის მიწისძვრა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და, შესაბამისად, საქართველომ გარკვეული ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად დაცული იყოს მოსალოდნელი საფრთხისგან“.
მეცნიერებათა აკადემიის კიდევ ერთი წევრ-კორესპონდენტის, თამაზ ჭელიძის, განცხადებით კი, „საქართველო განლაგებულია ახალგაზრდა ალპურ ტექტონიკურ სარტყელში, რაც განაპირობებს ძლიერი მიწისძვრების წარმოქმნას მისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილში. აუცილებელია სეისმური საშიშროებისა და რისკის შეფასება და სეისმომდგრადი მშენებლობის უზრუნველყოფა“.
„აუცილებელია, შეიქმნას ერთიანი სამშენებლო-ნორმატიული ბაზა, რომლის საფუძველზეც მოხდება საქართველოში ამა თუ იმ სამშენებლო პროექტის განხორციელება“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.