საზოგადოება
ცხინვალის რეჟიმმა ე.წ საზღვართან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით დახმარებისთვის რუსეთს მიმართა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით, რომლის თანახმადაც რუსული მხარე თავის თავზე აიღებს სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის დაცვასა და უსაფრთოებას.

როგორც მიმართვაში წერია, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო წარუმატებელია.

ეს გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის პარლამენტს, მიმართოს თხოვნით რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო დუმას, დაეხმაროს რუსეთის ფედერაციას და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების მეორე მუხლის შესრულებაში, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას“,- ნათქვამია მიმართვაში.

როგორც 5 სექტემბერს ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების მიერ სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

საქმე ეხება ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს, რომლის მოწყობა დეფაქტო ხელისუფლებამ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მახლობლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ დაიწყო.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.