საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება, ამერიკელ მასპინძლებს სთხოვა, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე საარჩევნო კუთხით.
ამის შესახებ ლეიბორისტთა იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ ჟურნალისტებს ამცნო პარტიის ოფისში 18 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, „ნათელაშვილი ვაშინგტონში ამერიკის საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის რეგიონის დირექტორ ლაურა ჯევეტს ესუბრა“.„ლეიბორისტები შემდეგს მოითხოვენ: საარჩევნო კომისიებში თითოეულ პარტიას ჰყავდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი; პირველივე პრეტენზიის დროს გაიხსნას და გადაითვალოს დალუქული საარჩევნო ბიულეტენები; არჩევნებში მონაწილეობა გამოცხადდეს სავალდებულოდ; გაუქმდეს მაჟორიტარ დეპუტატთა ინსტიტუტი; არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა; საარჩევნო დავები განიხილონ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაკომპლექტებულმა ჯგუფებმა“, – აცხადებენ პარტიის პრესცენტრში.
„მხოლოდ ამ პრინციპების გაზიარების შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ არსებული რეჟიმის მშვიდობიანი გზით შეცვლაზე“, – განაცხადა ვაშინგტონში შალვა ნათელაშვილმა. კახა ძაგანიას თქმით, თავის მხრივ, მასპინძლებიც გამოთქვამენ აღნიშნულ თემებზე თანამშრომლობის სურვილს.
შეგახსენებთ, რომ ნათელაშვილი აშშ-ში რამდენიმე დღის წინათ გაემგზავრა. ამ ეტაპზე ლეიბორისტების ლიდერის სამშობლოში დაბრუნების კონკრეტული თარიღი უცნობია. მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება.