საზოგადოება
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისათვის

konkursiiსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანს წარმოადგენს უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღება ამა თუ იმ სამეცნიერო დარგში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გუშინ სამინისტროში შეკრებილ უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს საკონკურსო პირობები გააცნეს.

სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ფუნდამენტური კვლევები ადრეც ფინანსდებოდა. ამჯერად, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რუსთაველის ფონდმა კონკურსს ახალი, დამოუკიდებელი სახე მისცა.

საკონკურსო პირობებით, პროექტის წლიური ბიუჯეტი გათვალისწინებულია არა უმეტეს 50 000 ლარისა, ხანგრძლივობა კი 6 თვიდან 3 წლამდე ვადით განისაზღვრა.

საკონკურსოდ წარდგენილ პროექტებს, ძირითადად, უცხოელი დამოუკიდებელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები შეაფასებენ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის განცხადებით, საკონკურსო კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს ინოვაციური იდეებისა და კონცეფციების  თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ტექნიკური  და სხვა ტიპის პროგრესის საფუძველს უნდა წარმოადგენდეს.

ფონდის წარმომადგენლებმა, ახალი კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით, უმაღლეს სასწავლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებში კონსულტაციების გამართვა დაგეგმეს.