პოლიტიკა
გიორგი გახარია ნაციონალურ მოძრაობას - მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს მიმართა. მისი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის სახე არის ტყუილი და ისინი მოდელირებული რეალობით მუდმივად ცდილობენ ადამიანებზე ზემოქმედებას.

"რთულია ამ ტრიბუნიდან საუბარი, განსაკუთრებით მსგავსი პათოსის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია პოლიტიკური პასუხისმგებლიანი პოზიციიდან. მე მახსენდება რთული წუთები ამ შენობაში, როდესაც ქალბატონი სალომე, პირადად მემუქრებოდა, იმით რომ „დაგრჩა სულ რამდენიმე წუთი, ახლა აქ ხალხი შემოიჭრება და თქვენი დასასრული დაიწყება“- ზუსტად ასევე, ქალბატონი სალომე, მემუქრება დღეს.

რაც შეეხება, შემდგომ ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა. ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ისიც რაც ახლა აქ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი „ნაც. მოძრაობის“ სახე, ტყუილი, სიცრუე. როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, ამას თქვენ აკეთებდით დღესაც. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ. მე თქვენ დაგასრულებთ და თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში.

ქალბატონო სალომე, გირჩევთ თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში რაც აქ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე. აი ახლა, რაც აქ მოხდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველ დღე, სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ვამხილოთ. ყოველ დღე, სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მაშინ როდესაც, ძალიან კარგად მახსოვს, იმ 20 ივნისის ღამეს, აი ეს ადამიანები აი აქ იყვნენ გამაგრებულები, ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ როდის შემოიჭრებოდა ეს ხალხი აქ. ეს ერთი და მეორე- არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისხდნენ საათობით და ითვლიდნენ - რაც უფრო მეტი მსხვერპლი და დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.