საზოგადოება
როგორც ადრე, მომავალშიც ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე - უნგრეთის პრეზიდენტი

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. უნგრეთი როგორც ადრე, მომავალშიც აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

რამდენადაც ვიცი, 1990 წლის შემდეგ საქართველოში უნგრეთის პრეზიდენტი ჯერ არ ჩამოსულა და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვარ პირველი უნგრელი პრეზიდენტი, ვინც ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვია. ინტეგრაციისა და უშიშროების სფეროში ძალიან მკვეთრი საკითხები გვაქვს. უნგრეთი როგორც ადრე, მომავალშიც აპირებს მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ვიცით, რომ შეიქმნა ახალი კომისია და იმედი მაქვს, კომისიის წევრები ახალ ბიძგს მისცემენ ამ საკითხს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ უნგრეთი ყველანაირად მხარს უჭერს საქართველოს ამ საკითხში. ამის გარდა, შეხვედრაზე ტურიზმის სფეროზეც ვისაუბრეთ. ვიცით, რომ „ვიზეარმა“ სამი-ოთხი წლის წინ შექმნა მიმოსვლა საქართველო-უნგრეთს შორის, რაც ძალიან დიდი წვლილია ტურიზმის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, მომავალში უნგრეთის მოსახლეობა დაინტერესებული იქნება საქართველოში ჩამოსვლით, მისი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით.

გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერები, რამაც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა ჩემზე. შევპირდი საქართველოს პრეზიდენტს, რომ იმ ფესტივალებზე, რომელიც ტარდება უნგრეთში, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ქართველმა მომღერლებმა. ეს აქამდეც ხდებოდა, თუმცა მინდა, გაფართოვდეს“, – აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მან თერმალური წყლების მიმართულებით და აგრარულ სფეროში, აგრეთვე ელექტრონული ავტომობილების წარმოების კუთხით საქართველოსთვის უნგრეთის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

ამასთან, იანოშ ადერმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ამ და სხვა კონკრეტულ თემებზე ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

უნგრეთის პრეზიდენტი თბილისს მეუღლესთან, ანიტა ჰერჩეხთან ერთად 4 სექტემბერს ეწვია. უნგრეთის ლიდერს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.