საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნას მივესალმებით და მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქართველოში აშშ-ის ელჩი შესაძლოა, კელი დეგნანი გახდეს.
დავით ზალკალიანის თქმით, ეს იქნება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში.
„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-სთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც არასდროს, ისე მაღალია ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.
ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში. ჩვენ მივესალმებით მის დანიშვნას. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს, საკომიტეტო მოსმენები სენატში და მას შემდეგ, რაც ეს პროცედურები დასრულდება, რა თქმა უნდა, მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ.
თქვენ იცით, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ელჩი არ იყო, გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებიდან და ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელჩის რანგით იყო მოვლენილი საქართველოში დროებითი რწმუნებული, რომელიც ასევე ძალიან მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი იყო. ჩვენ აუცილებლად გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კელი დეგნანი, რომელიც საქართველოში აშშ-ის კანდიდატურად სახელდება, ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე კი, ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1993 წლის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დაწყებიდან კელი დეგნანი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში.
ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი გასული წლის გაზაფხულიდან არ ჰყავს. ამ თანამდებობას იან კელი იკავებდა, რომელმაც მუშაობა აღნიშნულ პოსტზე შარშან გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.