საზოგადოება
ჩვენი პრიორიტეტი ჟენევის ფორმატის აქტუალიზაცია იქნება - ზალკალიანი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ერთადერთი ფორმატია, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ძირითადი აქტორის - ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს და აშშ-ის თანდასწრებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

ამ თვალსაზრისით, საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ძირითადი აქტორის - ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-და აშშ-ის თანდასწრებით. ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც ჟენევის მოლაპარაკებებია დაშენებული, რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების შესრულებაა, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

შესაძლოა, ამ მიმართულებით დიდი გარღვევები არ იყოს, მაგრამ დღეს ეს არის არსებული ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჟენევის ფორმატის აქტუალიზაცია იქნება, იმისათვის, რომ იქ არსებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის კუთხით წინ წავიწიოთ.

ჩვენ ვართ თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკასთან, ასევე, იმ ინიციატივებთან რომელიც ინიცირებულია - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“და რომელიც ითვალისწინებს იმ სიკეთეების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი მოქალაქეებისადმი, რაც გათვალისწინებულია ამ ინიციატივაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.