აქტუალური
ქართულმა ოცნებამ ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხა

 საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხა. ამის შესახებ 1 სექტემბერს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც გეგიძე არ ესწრებოდა.

დეპუტატი, ამავდროულად, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრია.

"დაგროვდა საკითხები, სადაც ბიძინა გეგიძეს და უმრავლესობას რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. ამასთან დაკავშირებით არც თვითონ გამოუჩენია ოდესმე უმრავლესობის მონაწილეობის სურვილი და აქედან გამომდინარე, ეს არის მთავარი საფუძველი უმრავლესობის გადაწყვეტილებისა, რომ ბიძინა გეგიძე გაყვანილ იქნეს უმრავლესობის შემადგენლობიდან, რაც ვფიქრობ, ნორმალური, ცივილიზებული გადაწყვეტილებაა", - თქვა გია ვოლსკიმ.

ბიძინა გეგიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ მედიისგან გაიგო.

"მე შემიძლია გითხრათ, რომ მედიიდან გავიგე, მერე მოვკარი თვალი ვოლსკის განცხადებას და დაახლოებით ასმა ჟურნალისტმა დამირეკეს. ჩემთვის არაფერი უთქვამთ, არ ვესწრებოდი სხდომას და არც სხვა კომუნიკაცია მქონია", - თქვა დეპუტატმა.

კითხვას, იცოდა თუ არა, მისი გარიცხვის საკითხის განხილვის შესახებ, გეგიძე პასუხობს, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, განსხვავებული აზრი ჯანსაღ პოლიტიკური პროცესში უნდა არსებობდეს.

"ვის დააზიანებს ეს, უმრავლესობას თუ პირიქით, ამაზე გაცილებით ჰიპერმნიშვნელოვან საკითხებზე მიწევს მუშაობა და ფიქრი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მრჩებოდა დრო, რომ ამაზე სერიოზულად მეფიქრა. [განსხვავებულ შეხედულებებს] არ ვუკავშირებდი არასდროს, ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ განსხვავებული აზრი არის დადებითი, პოზიტიური... პოლიტიკურ პროცესში განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს, უნდა იყოს და ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. მე ასე ვუყურებ, მაგრამ მე ვუყურებ ამას ასე", - თქვა გეგიძემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბიძინა გეგიძემ თქვა, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ შს მინისტრ გიორგი გახარიას ადგილას რომ ყოფილიყო, გადადგებოდა, რადგან "შედეგი არის დასახიჩრებული ადამიანები, რომლებზეც პასუხისმგებლობა გახარიას ეკისრება".

ხოლო მოგვიანებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიასთვის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირა. გეგიძე კენჭისყრაზე არ მივიდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მომგებიანი არავისთვის იყო.

"გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება სწრაფ რეჟიმში მოხდა. პარლამენტში პროცესის წარმართვა მოუმზადებლად მომეჩვენა, საკითხის სწრაფად გავლა მოხდა, რაც ორდინარული საკითხი არ არის, როცა დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზეა საუბარი", - თქვა მაშინ გეგიძემ.

18 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას. ბიძინა გეგიძე საქართველოს პარლამენტის წევრობამდე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ბიძინა გეგიძე საქართველოს პარლამენტის წევრად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს. ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატია.