პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე შსს ხელმძღვანელის, გიორგი გახარიას დანიშვნის შესახებ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც მისი თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საქართველოს მმართველმა პარტიამ პრემიერის პოსტზე შსს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი გახარია წარადგინა.
"გახარია ძალიან პოპულარულია ხალხში, ოპოზიციისა და სააკაშვილის გულის გასახეთქად. ის სიტყვის კაცია. შეასრულა ყველა მიცემული დაპირება. ორჯერ იხსნა ქვეყანა სამოქალაქო ომისგან, ბოლოჯერ 21 ივნისის ღამეს გადაარჩინა ქვეყანა ახალი "ვარდების რევოლუციისგან". იგი პრაქტიკულად უალტერნატივო კანდიდატურაა, სხვა არც განიხილება. გახარიას დროს არ იქნება აშკარა რუსოფობიური უსაფუძვლო განცხადებები, რომლებიც ვნებს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს",- განაცხადა ხიდირბეგიშვილმა რადიო Sputnik- ის ეთერში.
8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებას, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებსაიტზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ წინა დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ უკვე შეასრულა თავისი მისია. გახარიამ მადლობა გადაუხადა პოლიტსაბჭოსა და პარტიის თითოეულ წევრს ნდობისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს გაწეული მუშაობისთვის. მან აღნიშნა, რომ მოგვიანებით წარადგენს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას.
მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციის ფონზე, ლოზუნგით "სირცხვილია" მიმდინარეობდა. უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ადამიანები, რომლებიც ორ თვეზე მეტია, შს მინისტრის პოსტიდან გახარიას გადაყენებას მოითხოვენ. მას ვერ პატიობენ აქციის სასტიკ დარბევას 21 ივნისის ღამეს.
ყველაფერი კი დაიწყო საქართველოში სახელმწიფო დუმის დეპუტატის, კომპარტიის წევრის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლითა და პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლით. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია გადაიზარდა არეულობებსა და ანტი-სამთავრობო გამოსვლებში. საპროტესტო აქციის მონაწილენი პარლამენტში შეჭრას ლამობდნენ. ისინი პოლიციელებს ფარებს, ხელკეტებს ართმევდნენ და ჯოხებსა და ქვებს უშენდნენ. პოლიციელებმა მხოლოდ ორი საათის შემდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. იმ ღამით დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.