საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება.
კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.
კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს. მინისტრთა კაბინეტს კი, ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.
რაც შეეხება მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის საკითხს, კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, თუმცა მთავრობა მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს. ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.