საზოგადოება
წარუმატებელმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ორიგინალურად წასულიყო, მიზეზების ახსნის გარეშე

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყველაზე წარუმატებელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაწყვიტა ორიგინალურად გადამდგარიყო, დაეტოვებინა რეფორმატორის შთაბეჭდილება, რომლის ინოვაციური მისწრაფებებიც სათანადოდ არ დააფასა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“. ამისათვის მან ჯერ განაცხადა თავისი გადადგომის შესახებ "ა ლა ტრამპე" - ანუ სოცქსელში. რაკიღა არ მიეცა შესაძლებლობა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშით წარმდგარიყო პარლამენტის წინაშე (თუმცა მის მიერ ანონსირებულ ანგარიშამდე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სულ რამდენიმე დღეღა რჩებოდა), ის ანგარიშით წარდგა ჟურნალისტების წინაშე ახალგაზრდულ ტექნოპარკში. ხოლო ქარაგმულად მინიშნებისთვის, რომ მის მთავარ წვლილს „განათლების ფუნდამენტური რეფორმა“ წარმოადგენდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი შეხვედრაზე ჯინსებითა და მაისურით მოვიდა, რომელზეც თეთრით შავზე ეწერა: „ეროვნული იდეა - განათლება“. თუმცა, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბახტაძემ ისაუბრა ყველაფერზე და, ამავდროულად, არაფერზე, და ზედმიწევნით გამოხატავდა თავის მადლიერებას მმართველი გუნდისადმი ასეთი ნდობისთვის, რამაც უკუეფექტი იქონია ...

მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა: ჩემთვის იყო დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნებიქართული ოცნებისგუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, თუმცა მთავრობა მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად პარლამენტმა 2018 წლის 20 ივნისს დაამტკიცა.

2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე კი მამუკა ბახტაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. მინისტრად დანიშვნამდე კი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.