საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს ოფიციალურად გამოცხადდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრისა და კიდევ რამდენიმე მინისტრის კანდიდატურები. ამგვარად, დადასტურდება პროგნოზი, რომელიც საქინფორმმა არაერთხელ გააჟღერა ბოლო ხნის განმავლობაში: საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ წარადგენს საქართველოს ამჟამინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება: ირაკლი ღარიბაშვილის, რომელსაც უკვე ეკავა ეს პოსტი 2012-13 წლებში, ხელისუფლების სათავეში პარტია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ; ვახტანგ გომელაურის - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელის.
თუ მეორე ვარიანტი გამართლდა, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი გახდება. იგი ამ პოსტზე შეცვლის ლევან იზორიას, რომლის გადადგომის აუცილებლობის შესახებ საქინფორმი დიდი ხნის წინ წერდა.
საქინფორმის ცნობით, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კვლავ გაიყოფა ორ სამინისტროდ და კულტურის მინისტრად ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, ამჟამად კი კულტურის მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე დაინიშნება.
საქინფორმი ვარაუდობს, რომ საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში ამით არ დასრულდება და მინისტრის სავარძლებს კიდევ რამდენიმე მინისტრი დატოვებს.
საქინფორმის რედაქცია