საზოგადოება
ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი, რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს!- სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, „მედეფის“ (MEDEF) საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროპული გზის მნიშვნელობაზე.

პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს ევროპაში დაბრუნების სურვილი ვერაფერმა შეცვალა. ამ კონტექსტში მან რუსეთის ეკონომიკური სანქციები ახსენა.

რუსეთის ეკონომიკური სანქციები მიზნად ისახავდა ჩვენ მიერ არჩეული გზის შეცვლას, მაგრამ სანქციებმა არ გაამართლა. 2008 წლის ომი იყო რუსეთის მიერ ჩვენი სტრატეგიული, პროდასავლური ორიენტაციის შეცვლის მცდელობა. ვხედავთ, ეს მცდელობა წარუმატებელია. რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს და ცდილობს, მოგვაქციოს ისეთ საზღვრებში, რომელიც დაგვაკარგვინებს ჩვენს სამ მონაპოვარს: სტაბილურობას, დემოკრატიას და ევროპულ გზას. თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანდასახულობა ძლიერია. ჩვენი ევროპული მისწრაფება ჩვენივე ფესვებით აიხსნება. ჩვენ ევროპელობა სისხლში გვაქვს გამჯდარი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყნის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება.

ეს ევროპული მისწრაფება არ არის ახალი, ეს არის ჩვენი გააზრებული და ცალსახად ნათელი ამოცანა. საქართველო თავისი არსებობის დღიდან მისი იდენტობით ევროპულია – ეს არის კოლხეთი, სადაც იასონი და არგონავტები ოქროს საწმისს ეძებდნენ, ეს ჩანს ბერძნულ მითოლოგიაში. მეოთხე საუკუნიდან მოყოლებული, ეს არის ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც თავს მიიჩნევდა, როგორც ხიდს დასავლეთთან. ის გახლავთ ღვინის ცივილიზაციის აკვანი. ჩვენ გამოვედით პოსტსაბჭოთა სისტემიდან და არ დავუშვებ, რომ ვინმემ ან რამემ უკან დაგვაბრუნოს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა ფორუმზე აღნიშნა, საქართველო არის გზაჯვარედინი, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან, მალე ექნება ინდოეთთანაც. მისი თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს კონტინენტთაშორისი ინვესტიციების ჰაბი.

ჩვენთვის საჭიროა ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, სრულყოფილად ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ უფრო შევამციროთ და ჩვენი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ბაზრის დივერსიფიცირება მოვახდინოთ.

ჩვენ გვსურს ჩვენი მეწარმეებისათვის იყოს მეტი ევროპული ინვესტიცია, ჩვენს რეგიონებში იყოს მეტი ევროპელი ტურისტი, ჩვენს პროდუქციას ჰყავდეს მეტი ევროპელი მომხმარებელი! ჩამოდით საქართველოში და დარწმუნდით, რომ ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ. ჩამოდით ამ ზაფხულს, ამ ზამთარს და ოთხივე სეზონზე. საქართველო – 5 მილიონი ევროპელის ქვეყანაა და ის დიდ ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე სიტყვითა გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილის ფორუმზე გამოსვლის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.