საზოგადოება
საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ევროპელ ბიზნესლიდერთა ფორუმი გახსნა. სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ მეწარმეებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპეიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფორუმს ფრანგული ბიზნესსექტორის 700-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის ისინიც, ვინც უკვე მუშაობენ ქართულ ბაზარზე.

როგორც პრეზიდენტმა „მედეფის“ (MEDEF INTERNATIONAL) აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო ყველა სფეროში მზად არის ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ქართველები როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების, სპორტის და კულტურის სფეროში მეტი ევროპისთვის არიან მზად.

საქართველოს მაგალითი მართლაც რომ პარადოქსულია. ის, როგორც არასდროს, მიისწრაფვის ევროკავშირში შესასვლელად, საქართველოს ევროპული მისწრაფება არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე.

როდესაც მეუბნებიან, რომ ევროკავშირი ოცნებაა, მე ვპასუხობ, რომ ევროპის ისტორია რეალობად ქცეული ოცნებებია: საფრანგეთისა და გერმანიის შერიგება, გერმანიის გაერთიანება და ევროპის აღმოსავლეთისაკენ გაფართოება. ევროპა არაფერია, თუ ის არ ოცნებობს“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დიდ იმედებს ამყარებს იმ ევროპულ ამბიციაზე, რომელსაც დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ატარებს.

მე ვუთხარი პრეზიდენტს და აქაც ვიმეორებ: საქართველოს სურს ევროპული რენესანსის პროექტის წარმატება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ირლანდიის ვიცე-პრემიერი, რომელიც დაეთანხმა სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს ადგილი და მისი ნამდვილი სახლი ევროკავშირშია.

ჩვენ, როგორც თქვენსავით პატარა ქვეყანა ამ სახლის მეორე მხარეს, დაგეხმარებით ყველაფრით, რაც შეგვიძლია“, – აღნიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა.

გასულ წლებში „მედეფის“ ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა – ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა.

ბიზნესლიდერთა ფორუმში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.