საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს უწოდა „იმპერია, რომელმაც საქართველოს ოკუპაცია მოახდინა“

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. რთულია იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, რომელიც 27 საუკუნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა სხვადასხვა იმპერიას, – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ყოფნის დროს „ევრონიუსთან“ ინტერვიუში საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თემით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, აფხაზეთში რუსიფიკაციის პოლიტიკა მიმდინარეობს.

ამ ე.წ. არჩევნებს ჩვენ არ ვაღიარებთ, დღეს არსებულ პირობებში. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს, რომელიც მალე დადგება, საქართველოში ჩატარდება არჩევნები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს და აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც ექნებათ მონაწილეობის საშუალება, ისინი განსაზღვრავენ საკუთარი რეგიონის მომავალს საქართველოს შემადგენლობაში.

ეს არის ადამიანური ტრაგედია, იმ ადამიანებისთვის, ვინ იქ ცხოვრობს. მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ ენასთან და იდენტობასთან. მიმდინარეობს რუსიფიკაციის პოლიტიკა. ეს ძალიან რთული სიტუაცია. ანალოგიური რთული სიტუაციაა საოკუპაციო ხაზზე, იმ ადამიანებისთვის ვინც ახლომდებარე სოფლებში ცხოვრობს და ხანდახან, მათ იტაცებენ. ასე რომ, ეს დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ მნიშვნელოვანი იმის ხაზგასმა, რომ საქართველომ შეძლო ევროპისკენ გზის გაგრძელება. საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ომის და ოკუპაციის მიზანი საქართველოს დასავლური გეზის შეჩერება იყო, რაც არ მოხდა და ამიტომ, საქართველო ამ ბრძოლაში მოგებულია.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს ომის და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო. არაერთხელ მითქვამს, რომ რაიმე სახის კონტაქტისთვის აუცილებელია, მივიღოთ მკაფიო ნიშანი, რომ რუსეთის დამოკიდებულება მისი პატარა მეზობლის მიმართ შეიცვალა. მათ უნდა აღიარონ, რომ მეზობელთან ურთიერთობები ძალმომრეობით შეუძლებელია. თუ ჩვენ ამ მიმართულებით ნიშანს დავინახავთ, დარწმუნებული ვარ, მაშინ მზად ვიქნებით მომავალში დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, სიტუაცია შეიცვლება.

ძალიან რთულია იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, რომელიც 27 საუკუნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა სხვადასხვა იმპერიას. ამ ქვეყნის ტერიტორიები სხვადასხვა დროს იყო ოკუპირებული, სხვადახვა იმპერიების მიერ და ჩვენ ყველაფერს გადავურჩით. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ გადავრჩებით და გავაგრძელებთ სვლას ევროპისკენ. ჩვენ ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ 15 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი, რომ ის იქნებოდა ევროკავშირის პარტნიორი.

ვერავინ შეძლებდა იმის პროგნოზირებას, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი, რომ ჩვენ გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან. ასევე, თავისუფალი ვაჭრობაც. ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ეს შესაძლებელია და სწორედ ამიტომ არის ამ ქვეყნის პრეზიდენტობა გამოწვევებით აღსავსე, მაგრამ, ამავე დროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ევრონიუსს“.