აქტუალური
პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს

 საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. პირველი ოქტომბრიდან შვეიცარია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს. ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შემდეგ თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გონივრული იქნება.

შვეიცარიის ფედერალური საბჭო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოდ აღიარების მთავარი კრიტერიუმებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, პოლიტიკური სტაბილურობა, ჯანდაცვის სისტემა, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და გაერო-ს შეფასებები.

შვეიცარიის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნების სიაში არიან ალბანეთი, ბენინი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა-ფასო, განა, ინდოეთი, კოსოვო, მოლდოვა (დნესტრისპირეთის გარდა), მონღოლეთი, მონტენეგრი, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი და სერბეთი.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებით, 2017 წლის შემოდგომიდან შვეიცარიასა და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა, რაც შენგენის ზონაში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება.

ფედერალური საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება არის მკაფიო სიგნალი, რომ შვეიცარია იყენებს ყველა აუცილებელ ზომას თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი აპლიკაციების რაოდენობის შესამცირებლად.