საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ბრძანებით, ბათუმის მერიას ქალაქში საავტომობილო გზების გაგრძელება-გაფართოებისას მოსახლეობისთვის საკუთრების ჩამორთმევის უფლება მიეცა. მინისტრმა ბრძანება 2011 წლის 28 თებერვალს გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის მერიას „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეუძლია ბათუმელებს ჩამოართვას მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები, სახლები და სხვა უძრავი ქონება. პროცესზე კონტროლი ვერა ქობალიას მოადგილეს დაევალა.
ვერა ქობალიას ბრძანება:საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/309
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 12.01.11 წლის №1142 სასამსახურო ბარათის, ქ. ბათუმის მერის 09.12.10 წლის №25-01/4135 წერილისა და მისი დანართის, ქ. ბათუმის მერის 11.02.11 წლის №5513/14 წერილისა და მისი დანართის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 09.02.11 წლის სხდომის №3 ოქმისა და ამავე კომისიის 11.02.11 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ქალაქ ბათუმის მერიას მიენიჭოს ქ. ბათუმში საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ ზოლში მოხვედრილი ცალკეული პირების (ქ. ბათუმის მერის 09.12.10 წლის №25-01/4135 წერილისა და მისი დანართის შესაბამისად; ქ. ბათუმის მერის 11.02.11 წლის №5513/14 წერილისა და მისი დანართის შესაბამისად) კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.
2. ქალაქ ბათუმის მერიამ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს, ბატონ დ. გიორგაძეს.
ვ. ქობალია