საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ნატო არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.
როგოც კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ალიანსის მოკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.
„ნატო არ აღიარებს 25 აგვისტოს საქართველოს რეგიონ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. მეორე ტური მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.